საკრებულოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ევროკავშირის გაფართოების საკითხებზე გამართულ სემინარში მიიღო მონაწილეობა

რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილე მარინა ლიპარტელიანმა ევროკავშირის გაფართოების საკითხებზე გამართულ სემინარში მიიღო მონაწილეობა.

ქართული დელეგაციების წევრებისთვის საგანმანათლებლო სემინარი საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულმა ასოციაციამ (ა.თ.ე.ა) ევროპის საჯარო სამართლის ორგანიზაციასთან (EPLO) პარტნიორობით გამართა.
სემინარს ევროპის საჯარო სამართლის ორგანიზაციის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ფილიალის (EPLO) დირექტორი იოსებ ნანობაშვილი უძღვებოდა, რომელმაც მონაწილეებს ევროკავშირის მართვის სუპრანაციონალური მოდელი, ინსტიტუციური მოწყობა, გადაწყვეტილების დამტკიცების პროცედურები და ინსტიტუციური ჯაჭვი გააცნო.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ევროკავშირის გაფართოების ტალღებზე და მის სამართლებრივ საფუძვლებზე, კოპენჰაგენისა და მადრიდის კრიტერიუმებზე, ასევე გაწევრების ეტაპებზე, შესაბამის სამართლებრივ და ინსტიტუციურ ასპექტებზე და 2020 წლის ახალ მეთოდოლოგიაზე.

საუბარი შეეხო ევროკავშირის ურთიერთობებს ევროპულ სამეზობლოსთან 2004-2007 წლების დიდი გაფართოების შემდეგ, დასავლეთ ბალკანეთის სტაბილიზაციისა და ასოცირების პროცესს, აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივას, მისი შექმნის წინაპირობებსა და დამახასიათებელ შეზღუდვებს.

განსაკუთრებით აღინიშნა 2022 წელს უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს მიმართულებით დაწყებული გაფართოების პროცესი.

ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის, ნინო რუხაძის განცხადებით, მსგავსი საგანმანათლებლო შეხვედრები ქართული დელეგაციის წევრებს ევროკავშირთან დაკავშირებული საკითხების შესახებ ცოდნის გაღრმავებაში ეხმარება. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ EPLO-სთან პარტნიორობა დელეგატებს შესაძლებლობას აძლევს ინფორმაცია უშუალოდ სფეროს წამყვანი ექსპერტებისგან მიიღონ და შეძენილი გამოცდილება პრაქტიკაში გამოიყენონ.

ღონისძიება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ჩატარდა და მას ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების ევროპული პლატფორმის (PLATFORMA), აღმოსავლეთ პარტნიორობის ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლებების კონფერენციის (CORLEAP), ასევე გაერთიანებული ქალაქებისა და ადგილობრივი ხელისუფლებების ქსელის (UCLG) დელეგატები ესწრებოდნენ.