რუსთავში ახალი კულტურული სივრცე არტ პავილიონი გაიხსნა

რუსთავში, ახალი კულტურული სივრცე არტ პავილიონი გაიხსნა.
ახალი შენობა ძველი კულტურის სახლის ადგილზე, მისი არქიტექტურული ავთენტურობისა და ისტორიული იერსახის სრული დაცვით აღდგა. პროექტის ფარგლებში, სრულად განახლდა როგორც შენობის შიდა ინფრასტრუქტურა, ისე მისი ფუნქციური დატვირთვა.
არტ პავილიონის გახსნის ღონისძიებაზე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, კულტურის მინისტრმა მაია ბითაძემ და რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.
ღონისძიებას რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა რეხვიაშვილი, მოადგილეები, საკრებულოს დეპუტატები, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.
ძველი კულტურის სახლი რესტავრაცია-მოდერნიზაციის შედეგად თანამედროვე, მრავალფუნქციურ კულტურულ სივრცედ გარდაიქმნა.
პავილიონში მოეწყო 230 მაყურებელზე გათვლილი საკონცერტო დარბაზი, პროფესიონალური სცენა, თანამედროვე განათების, გახმოვანების სისტემები და სარეპეტიციო სივრცეები, ხმის ჩამწერი სტუდია და ღია საზაფხულო სცენა.
არტ პავილიონში საქმიანობას გააგრძელებს ანსამბლები „რუსთავი“ და „თუთარჩელა“. გაიხსნება მიუზიკლის აკადემია და თანამედროვე მუსიკის მენტორების საგანმანათლებლო პროგრამა.
ახალი სივრცე უმასპინძლებს კლასიკური და თანამედროვე მუსიკის ღონისძიებებს, თეატრალურ წარმოდგენებს, საგანმანათლებლო და სხვადასხვა შემოქმედებით პროექტებს.
კულტურის სახლის სრული რესტავრაცია-მოდერნიზაციის იდეა რუსთავის მერს ნინო ლაცაბიძეს ეკუთვნის, რომელიც საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით და რეგიონალური განვითარების ფონდის დაფინანსებით განხორციელდა.