ქრისტიანობის 1700 წლისთავისადმი მიძღვნილი ადგილობრივ ხატმწერთა ნამუშევრების გამოფენა გაიმართა

რუსთავის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს ინიციატივით და ორგანიზებით, საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, ადგილობრივ ხატმწერთა ნამუშევრების გამოფენა გაიმართა.
ღონისძიება, რომელსაც ახალგაზრდობის სასახლემ უმასპინძლა, რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ და მუნიციპალური საბჭოს თავმჯდომარემ მისასალმებელი სიტყვით გახსნა – მარინა ლიპარტელიანმა ღონისძიების მნიშვნელობაზე ისაუბრა და ნამუშევრების ავტორებს, ხატმწერ ქალებსა და ბავშვებს აქტიურობისთვის მადლობა გადაუხადა.
გამოფენაზე საკრებულოს თავმჯდომარის და მერის მოადგილეები, დეპუტატები, საბჭოს წევრები და სასულიერო პირები იმყოფებოდნენ.
ღონისძიების მიზანი საეკლესიო ხელოვნების წარმოჩენა, ეროვნული და სულიერი ღირებულებების პოპულარიზაცია და იმ ადამიანების შემოქმედების დაფასებაა, რომლებსაც საკუთარი წვლილი შეაქვთ ქართული კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებისა და განვითარების საქმეში.