„რუსთავის აზოტში” კატალიზური წმენდის რეაქტორი სრულად მოდერნიზდა და ოფიციალურად გაიხსნა

რუსთავში ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით ახალი პროექტი განხორციელდა – „რუსთავის აზოტში” კატალიზური წმენდის რეაქტორი სრულად მოდერნიზდა და ოფიციალურად გაიხსნა.
ღონისძიებაზე იმყოფებოდნენ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე, მამუკა რეხვიაშვილი, ქალაქის მერი ნინო ლაცაბიძე, საქართველოს პარლამენტში რუსთავის დელეგატი ირაკლი შატაკიშვილი, პარლამენტის წევრი ალექსანდრე დალაქიშვილი და ,,რუსთავის აზოტი ინდორამას” გენერალური დირექტორი, ჯეი პრაკაშ ჯაჯუ.
პროექტის ფარგლებში რეაქტორში ახალი თაობის კატალიზატორი ჩაიტვირთა, სრულად შეიცვალა მისი შიგთავსი და დამონტაჟდა ემისიების უწყვეტი მონიტორინგის სისტემა, რომელიც დამაბინძურებელი ნივთიერებების გაფრქვევის მუდმივ კონტროლს უზრუნველყოფს. განხორციელებული მოდერნიზაცია ხელს შეუწყობს საწარმოში თანამედროვე გარემოსდაცვითი ტექნოლოგიების დანერგვას, სათბურის აირების ემისიების შემცირებასა და სამრეწველო პროცესების გარემოსდაცვითი მონიტორინგის გაუმჯობესებას.
5.3 მილიონ ევროს ჯამური ღირებულების პროექტი სს „რუსთავის აზოტისა“ და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) თანადაფინანსებით განხორციელდა.