2008 წლის აგვისტოს ომის გმირის კახაბერ თავგორაშვილის ხსოვნის საღამო გაიმართა

რუსთავის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს ორგანიზებით და მე-7 საჯარო სკოლის მხარდაჭერით, 2008 წლის აგვისტოს ომის გმირის, რუსთაველი სერჟანტის, კახაბერ თავგორაშვილის ხსოვნის საღამო გაიმართა.
ღონისძიება, გმირის 50 წლის იუბილეს მიეძღვნა და მის მშობლიურ სკოლაში, საქართველოს პარლამენტის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე დროებითი კომისიის ინიციატივით მიმდინარე პროექტის – „გმირის დღის“ ფარგლებში ჩატარდა.
ხსოვნისადმი მიძღვნილ საღამოს, რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს თავმჯდომარე მარინა ლიპარტელიანი, დეპურტატები, კახაბერ თავგორაშვილის ოჯახის წევრები, თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები, პედაგოგები და სკოლის მოსწავლეები დაესწრნენ.
თანამებრძოლებმა და მეგობრებმა კიდევ ერთხელ გაიხსენეს ჩვენი დროის ახალგაზრდა გმირი, მოეწყო კახაბერ თავგორაშვილის ცხოვრების ამსახველი ფოტოგამოფენა, ნაჩვენები იყო მისი ბიოგრაფიისა და სამხედრო გზის შესახებ ვიდეომასალა.
კახაბერ თავგორაშვილი წლების განმავლობაში ღირსეულად ემსახურებოდა საქართველოს შეიარაღებულ ძალებს და მონაწილეობდა არაერთ მნიშვნელოვან სამხედრო მისიაში. იგი 2008 წელს ,,რუსეთ საქართველოს” აგვისტოს ომში ცხინვალის „შანხაის“ დასახლებაში, სნაიპერის ტყვიით გმირულად დაიღუპა. მას სიკვდილის შემდეგ ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენი მიენიჭა.
ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე, საგანმანათლებლო-საზოგადოებრივი პროექტის მიზანი, ახალგაზრდებში ქართველი გმირების შესახებ ცნობიერების ამაღლების, ისტორიული მეხსიერების შენარჩუნების და ეროვნული თვითშეგნების გაძლიერების ხელშეწყობაა.