რუსთავის საკრებულოს წარმომადგენლები ოფიციალური ვიზიტით ქალაქ ინეგოლში იმყოფებოდნენ
რუსთავის საკრებულოსა და მერიის დელეგაციის წარმომადგენლები, თურქული მხარის ოფიციალური მიწვევით, რუსთავთან დამეგობრებულ ქალაქ ინეგოლში იმყოფებოდნენ, სადაც კულტურისა და ხელოვნების საერთაშორისო ყოველწლიურ ფესტივალს დაესწრნენ.
ვიზიტის ფარგლებში, ქართული დელეგაციის წევრები, რუსთავთან დამეგობრებული ქალაქის მერს შეხვდნენ და საკრებულოს თავმჯდომარის მამუკა რეხვიაშვილის სახელით, პატივისცემისა და მეგობრობის ნიშნად, სიმბოლური საჩუქარი გადასცეს.
შეხვედრები გაიმართა ინეგოლში მცხოვრებ ქართულ დიასპორასთან და სათვისტომოს ხელმძღვანელ პირებთან, რომელებიც აქტიურად არიან ჩართული ქართული კულტურის პოპულარიზაციის საქმეში.
კულტურისა და ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალში მონაწილეობდნენ ქართული დიასპორის წარმომადგენლები, რომლებმაც საფესტივალო პროგრამის ფარგლებში ქართული ნაციონალური ქორეოგრაფია წარმოადგინეს.
ვიზიტის ფარგლებში ქართული დელეგაციის წევრები ასევე გაეცნენ ინეგოლის ადგილობრივი წარმოების ძირითად მიმართულებებს და საწარმოო ობიექტები დაათვალიერეს.
რუსთავსა და ინეგოლს შორის მეგობრული ურთიერთობა 1993 წლიდან არსებობს და მას შემდეგ ორ მუნიციპალიტეტის მრავალწლიანი პარტნიორობა წარმატებით ვითარდება.
სულ ახლახანს, რუსთავს, ქართული ქორეოგრაფიის კონკურს-ფესტივალის ,,ქართულის” ფარგლებში, ინეგოლის მერის მოადგილე, საკრებულოს წევრები და ქართული სათვისტომოს წარმომადგენლები სტუმრობდნენ.
მსგავსი ვიზიტები ხელს უწყობს დამეგობრებულ ქალაქებს შორის პარტნიორული ურთიერთობების გაძლიერებას, გამოცდილების გაზიარებასა და თანამშრომლობის გაღრმავებას.











