რუსთავში ქალაქის გრძელვადიანი განვითარების სტრატეგიული დოკუმენტის საჯარო განხილვა გაიმართა

რუსთავში ქალაქის გრძელვადიანი განვითარების სტრატეგიული დოკუმენტის საჯარო განხილვა გაიმართა.
სტრატეგიული დოკუმენტი ქალაქის მერმა ნინო ლაცაბიძემ წარადგინა, რომელმაც შეხვედრის მონაწილეებს დოკუმენტის ძირითადი პრიორიტეტები და ქალაქის განვითარების მიმართულებები გააცნო.
პრეზენტაციას რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა რეხვიაშვილი, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია, პარლამენტში რუსთავისა და გარდაბნის 10 თემის დელეგატი ირაკლი შატაკიშვილი, საკრებულოს დეპუტატები, მერიის სამსახურის ხელმძღვანელი პირები, სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები და სტუდენტები დაესწრნენ.
ახალი კონცეფცია, რომლის პრაქტიკული რეალიზება რუსთავში უკვე დაწყებულია, სამ ძირითად პრიორიტეტს ეფუძნება:ეკოლოგიური უსაფრთხოება და სუფთა გარემო, ახალგაზრდების ინტერესებსა და საჭიროებებზე მორგებული სივრცე და ინოვაციური და ტექნოლოგიური პროგრესი.
სტრატეგიული გეგმა მოიცავს მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ და სოციალურ ინიციატივებს. მათ შორისაა: ახალი სარეკრეაციო ზონების მოწყობა, ჭალის ტყის პოტენციალის ათვისება, ტექნიკური წყალმომარაგების ქსელების გამართვა, ეკომეგობრული პროექტები და ელექტროტრანსპორტის დანერგვა. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა საგანმანათლებლო და საუნივერსიტეტო ინფრასტრუქტურის გაძლიერებას, მასშტაბური სპორტული კომპლექსისა და სტადიონის მშენებლობას, კულტურული დანიშნულების ობიექტების შექმნას, ისტორიული უბნების რეაბილიტაციას, თანამედროვე უბნების მოდერნიზაციასა და მუნიციპალური სერვისების გაციფრულებას.
საქართველოს მუნიციპალიტეტებში განვითარების გრძელვადიანი სტრატეგიების მომზადება პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ინიციატივით ხორციელდება, ხოლო უშუალოდ პროცესის კოორდინირებას რეგიონული განვითარების სამინისტრო უზრუნველყოფს.