N1, N2, N3 და N16 საჯარო სკოლების პედაგოგებთან და მშობლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ რევაზ სოხაძესთან ერთად, ქალაქ რუსთავის სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლებთან, კერძოდ N1, N2, N3 და N16 საჯარო სკოლების პედაგოგებთან და მშობლებთან, სამუშაო შეხვედრა გამართა.
შეხვედრას რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა რეხვიაშვილი, ქალაქის მერი ნინო ლაცაბიძე, პარლამენტში რუსთავის დელეგატი ირაკლი შატაკიშვილი, ასევე მუნიციპალური განვითარების ფონდისა და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
შეხვედრის ფარგლებში დეტალურად განიხილეს ქალაქ რუსთავში არსებული სასკოლო შენობების რეაბილიტაციისა და საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის მოდერნიზების სამომავლო გეგმები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სასწავლო პროცესის მაქსიმალურად უსაფრთხო გარემოში წარმართვისთვის აუცილებელი ნაბიჯების განსაზღვრას.
შეხვედრა კითხვა-პასუხის ფორმატში წარიმართა, სადაც ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ამომწურავად უპასუხეს პედაგოგების, მშობლებისა და სასკოლო საზოგადოების წევრების მიერ დასმულ შეკითხვებს.








