რუსთავში პირველკურსელთა მიღების ღონისძიება გაიმართა

რუსთავში, პირველკურსელთა მიღების ღონისძიება გაიმართა. თბილისის და აღმოსავლეთ საქართველოს სახელმწიფო უნივერსიტეტებისა და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტებს ახალი სასწავლო წლის დაწყება განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ სცენიდან, პირადად მიულოცა.

თავისუფლების მოედანზე მიმდინარე საზეიმო ღონისძიებაზე რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა რეხვიაშვილი, თავმჯდომარის მოადგილეები, დეპუტატები, საქართველოს პარლამენტში რუსთავის და გარდაბნის დელეგატი, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული, მინისტრისა და ქალაქის მერის მოადგილეები და საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

პირველკურსელთა მიღების ღონისძიება მასშტაბური კონცერტით დასრულდა, რომელშიც მუსიკალური ჯგუფები და ინდივიდუალური შემსრულებლები მონაწილეობდნენ. პროგრამის ფარგლებში, გათვალისწინებული იყო ასევე, მრავალფეროვანი თემატური, გასართობი აქტივობები.

ახალი სასწავლო წლის დაწყებისადმი მიძღვნილი საღამო, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით ჩატარდა.