რუსთავის საკრებულოში, მამუკა რეხვიაშვილის ხელმძღვანელობით, მორიგი სხდომა გაიმართა

რუსთავის საკრებულოში, მამუკა რეხვიაშვილის ხელმძღვანელობით, მორიგი სხდომა გაიმართა.

,,რუსთავის განვითარება მოითხოვს თანმიმდევრულ მუშაობას როგორც სოციალური მიმართულებით, ისე ქალაქის ინფრასტრუქტურის, ურბანული დაგეგმარებისა და მუნიციპალური სერვისების გაუმჯობესების კუთხით.

ასევე მნიშვნელოვანია წესრიგის, უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვის მიმართულებით შესაბამისი რეგულაციების მოწესრიგება, მუნიციპალური ქონების რაციონალური მართვა და საკრებულოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების კანონიერებისა და ეფექტიანობის უზრუნველყოფა.

ჩვენი მთავარი ამოცანაა, საკრებულოს მიერ მიღებული თითოეული გადაწყვეტილება იყოს დასაბუთებული, პასუხობდეს ქალაქის საჭიროებებს და ემსახურებოდეს მოსახლეობის ინტერესების დაცვას“, – განაცხადა საკრებულოს თავმჯდომარემ მამუკა რეხვიაშვილმა.

საკრებულოს სხდომაზე დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილეს. დამტკიცდა 2026 წლის ბიუჯეტში დაგეგმილი ცვლილება.

დეპუტატების მხარდაჭერით, ქალაქში აშენდება სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსი.
მოქალაქეებს დაუდასტურდათ აუქციონის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება და დამტკიცდა მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზებო ობიექტების ნუსხა და გეგმა.დამტკიცდა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მეორეული საბურავების, შავი და ფერადი ლითონის ჯართის, ექსპლუატაციიდან გამოსული სატრანსპორტო საშუალებებისა და მათი ნაწილების, ადვილად აალებადი და ფეთქებადი მასალის განთავსებისა და რეალიზაციის წესი.

ცვლილება შევიდა „მოქალაქეთა ინდივიდუალური სამედიცინო დახმარების“ ქვეპროგრამაში.
ცვლილების მიხედვით, 60 კალენდარული დღით განისაზღვრება მუნიციპალიტეტის მიერ გაცემული დაფინანსების წერილის მოქმედების ვადა.

სხდომაზე საკითხები მერიის შესაბამისი სამსახურების ხელმძღვანელებმა წარადგინეს.