კოლეჯ „მოდუსში” საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი იმყოფებოდა
ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით, რუსთავში, კოლეჯ „მოდუსში” საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი იმყოფებოდა. გივი მიქანაძემ სტუდენტებსა და ადმინისტრაციას წარმატებული და ნაყოფიერი სასწავლო წელი უსურვა და კოლეჯის საქმიანობის მნიშვნელობასა და მიღწევებზე ისაუბრა.
შეხვედრაზე იმყოფებოდნენ რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა რეხვიაშვილი, ქალაქის მერი ნინო ლაცაბიძე, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია და კოლეჯი ,,მოდუსის” დირექტორი, ნინო ქავთარაძე.
ღონისძიებაზე ყურადღება გამახვილდა ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური განვითარების პროცესში პროფესიული განათლების და კვალიფიციური კადრების მომზადების მნიშვნელობაზე. მინისტრმა აღნიშნა, რომ ,,მოდუსი” ერთ-ერთი წარმატებული კოლეჯია, რომელიც სტუდენტებს მრავალფეროვან და შრომის ბაზრის მოთხოვნებზე მორგებულ საგანმანათლებლო პროგრამებს სთავაზობს.
კოლეჯი „მოდუსი“ რუსთავსა და მარნეულში ფუნქციონირებს და ჯამში 24 დასახელების პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამას ახორციელებს. მათ შორის, პროგრამებს, რომლებშიც ინტეგრირებულია ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის სწავლის შედეგები.











