,,ვარდისფერი ოქტომბრის” კამპანია რუსთავში
რუსთავის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭო ძუძუს კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების თვის – ,,ვარდისფერი ოქტომბრის” საერთაშორისო კამპანიას თემატური აქტივობით შეუერთდა.
ღონისძიების მონაწილეებმა, ქალაქის მთავარი მოედნიდან, რუსთავის საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ცენტრამდე ორგანიზებული მსვლელობით გადაინაცვლეს და უფასო სკრინინგის აქციის მიმდინარეობას გაეცნენ.
ადგილზე რუსთავის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს თავმჯდომარე მარინა ლიპარტელიანი და საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ცენტრის დირექტორი ლალი დეკანოსიძე, საბჭოს წევრებთან და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან ერთად იმყოფებოდნენ.
საბჭოს ორგანიზებით, ძუძუს კიბოს სკრინინგული კვლევების და სიმპტომების ნაადრევი აღმოჩენის მნიშვნელობის შესახებ შეხვედრები და ცნობიერების ამაღლების საინფორმაციო კამპანიები, რეგიონის მასშტაბით მთელი თვის განმავლობაში ჩატარდება.
დაგეგმილი ღონისძიებების ფარგლებში, უფასო სკრინინგით სარგებლობას, მსურველები რუსთავში, 28 ოქტომბერსაც შეძლებენ. ,,ვარდისფერი ოქტომბრის” კამპანიის ფარგლებში, სამედიცინო გამოკვლევები 40-დან 70 წლის ასაკის ქალბატონებისთვის მიმდინარეობს.











