რუსთავი, გარემოსდაცვით კამპანიას – ,,ჩემი პირველი ნერგი“, შეუერთდა
რუსთავი, გარემოსდაცვით კამპანიას – ,,ჩემი პირველი ნერგი“, შეუერთდა. გამწვანების მასშტაბურ აქციაში, პირველკლასელებმა, დღის განმავლობაში, 1400-ზე მეტი ნერგი დარგეს. ღონისძიება საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განკარგულების საფუძველზე ჩატარდა.
მოსწავლეებთან ერთად, მე-7 საჯარო სკოლაში ნერგები დარგეს რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა რეხვიაშვილმა, თავმჯდომარის მოადგილეებმა, რეგიონისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა.
საკუთარ სამაჟორიტარო ოლქებში მდებარე სკოლებში, პირველკლასელებთან ერთად ნერგები დარგეს საკრებულოს მაჟორიტარმა დეპუტატებმა.
კამპანია, საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტში, ხის დარგვის საერთაშორისო დღის ფარგლებში დაიწყო და რუსთავში ჩატარებული აქტივობით დასრულდა. ნერგები რეგიონების კლიმატური პირობების გათვალისწინებით შეირჩა და დარგვის პროცესში 41 000-ზე მეტი პირველკლასელი მოსწავლე ჩაერთო.
ეკოლოგიური პროგრამა საქართველოს მთავრობის, გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტოს, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის, საქართველოს განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის სამინისტროს ჩართულობით განხორციელდა.
ინიციატივა გარემოსდაცვითი ღირებულებების ყოველდღიურ ცხოვრებაში დამკვიდრებას უწყობს ხელს და ბავშვებს ადრეული ასაკიდან აძლევს შესაძლებლობას, პრაქტიკული მონაწილეობით გაეცნონ გარემოზე ზრუნვის მნიშვნელობას.















