,,მწვანე ინფრასტრუქტურა მდგრადი მომავლისთვის“ რუსთავიდან დაიწყო
ინფრასტრუქტურის სამინისტრომ ქვეყნის მასშტაბით მწვანე ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამა „მწვანე ინფრასტრუქტურა მდგრადი მომავლისთვის“ რუსთავიდან დაიწყო – ღონისძიებაში საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა რეხვიაშვილი მოადგილეებთან და დეპუტატებთან ერთად ჩაერთო.
გამწვანების აქციაში მონაწილეობა მიიღეს ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ, ქალაქ რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ, საქართველოს პარლამენტში რუსთავის დელეგატმა ირაკლი შატაკიშვილმა, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი შონიამ და ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა ილია ჯალაღანიამ.
აქციის მიმდინარეობისას, ქალაქის შესასვლელთან არსებულ გზაგამყოფ კუნძულსა და მიმდებარე ტერიტორიაზე, სიმბოლურად, 250 ძირი ხე-მცენარე დაირგო.
პროგრამის ფარგლებში უკვე გამწვანდა მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ ახლად რეაბილიტირებული, 450 აღსაზრდელზე გათვლილი რუსთავის №31 საბავშვო ბაღის ტერიტორია, სადაც 500 ძირი ფოთლოვანი და წიწვოვანი ნერგი განთავსდა. აღმოსავლური ჭადარი და ჰიმალაის კედარი დაირგო რუსთავის შესასვლელის ერთ-ერთ გზაგამყოფ კუნძულზე.
მწვანე ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია რუსთავის ავტომაგისტრალის გარკვეულ მონაკვეთზე ქარსაფარი ზოლისთვის მარადმწვანე ხე-მცენარეების დარგვა.
ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა 15 500 ნერგი შეიძინა, რომლებიც ეტაპობრივად საქართველოს ყველა რეგიონში დაირგვება. ხე-მცენარეების შერჩევის პროცესში გათვალისწინებულია ბუნებრივი პირობები და რეგიონული თავისებურებები. ნერგები შერჩეულია ადგილობრივი კლიმატური პირობებისა და მრავალწლიანი გამოცდილების გათვალისწინებით.
„მწვანე ინფრასტრუქტურა მდგრადი მომავლისთვის“ თანამედროვე ინფრასტრუქტურის განვითარების პრინციპს ეფუძნება. პროგრამის მიზანია საჯარო ურბანული და სარეკრეაციო სივრცეების გაუმჯობესება, ეკოლოგიური ბალანსის გაძლიერება და თანამედროვე, ადამიანზე ორიენტირებული გარემოს შექმნა.















