2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომიდან 18 წელი გავიდა

2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომიდან 18 წელი გავიდა.

ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში გმირულად დაღუპული რუსთაველი მებრძოლების ხსოვნას პატივი მიაგო და გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკო რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა რეხვიაშვილმა, მოადგილეებთან და დეპუტატებთან ერთად.

მემორიალთან იმყოფებოდნენ ქალაქის მერი ნინო ლაცაბიძე, რუსთავის დელეგატი პარლამენტში ირაკლი შატაკიშვილი, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია, დაღუპული ჯარისკაცების ოჯახის წევრები, სამხედროები და რიგითი რუსთაველები.

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში, გმირულად დაიღუპნენ რუსთაველი სამხედრო მოსამსახურეები – კაპრალი ვახტანგ გზირიშვილი, სერჟანტი კახაბერ თავგორაშვილი, კაპრალი ლევან იოსებიძე, კაპრალი გიორგი ჯავახიშვილი, უფროსი სერჟანტი ზაზა ფერაძე და სერჟანტი ბესიკ კაპანაძე.

ექვსივე მათგანი, სამშობლოს წინაშე გამოჩენილი მამაცობისა და გმირობისთვის, სიკვდილის შემდეგ ვახტანგ გორგასლის სახელობის ორდენითაა დაჯილდოებული.

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, სახელმწიფო დროშები დაშვებულია ქვეყნის მასშტაბით არსებულ ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე.