საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის მორიგი სხდომა გაიმართა
საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის მორიგი სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე ლელა ლუარსაბიშვილი უძღვებოდა.
კომისიის წევრებმა რუსთავის საბავშვო ბაგა-ბაღების გაერთიანების მიმდინარე წლის საქმიანობის ანგარიში მოისმინეს, რომელიც სხდომაზე გაერთიანების დირექტორმა ეკატერინე ხუციშვილმა წარადგინა.
სხდომაზე აღინიშნა, რომ სკოლამდელი განათლების განვითარება მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებად რჩება. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა, როგორც საბავშვო ბაღების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებასა და თანამედროვე სტანდარტების დანერგვას, ისე ხარისხიანი სააღმზრდელო-საგანმანათლებლო პროცესის უზრუნველყოფას.
მუნიციპალიტეტში ფუნქციონირებს 23 საბავშვო ბაღი, 188 სააღმზრდელო ჯგუფით, სადაც 6 000-მდე ბავშვი ირიცხება და 927 თანამშრომელი საქმიანობს.
გაერთიანების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია ავტორიზაციის პროცესისთვის მომზადება და დასაქმებულთა პროფესიული განვითარება. ამ მიმართულებით გადამზადებულია აღმზრდელები და შესაბამისი პერსონალი, მათ შორის ინკლუზიური განათლების მიმართულებით.
განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ბავშვების ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებას – უზრუნველყოფილია სრულფასოვანი კვება, სეზონური მენიუ, სანიტარული ნორმების დაცვა და თანამშრომელთა გადამზადება პირველადი გადაუდებელი დახმარების საკითხებში.
სასწავლო პროცესი საბავშვო ბაგა-ბაღების გაერთიანების 20 ფილიალში უკვე განახლდა, პირველი ოქტომბრიდან კი ფუნქციონირებას რამდენიმე ახალი ბაღი დაიწყებს.





