საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე ქვემო ქართლის ღვინის ფორუმს დაესწრო
რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე, მარინა ლიპარტელიანი ქვემო ქართლის ღვინის ფორუმს დაესწრო. ღონისძიება მარნეულის მუნიციპალიტეტში, გადაჭრილ გორაზე, გაიმართა, საიდანაც ღვინისა და ხორბლის 8000-წლოვანი ისტორია დაიწყო.
ფორუმში ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების, ღვინის სექტორის, პროფესიული და საგანმანათლებლო ორგანიზაციების, ადგილობრივი მწარმოებლებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა.
ღონისძიება, ქვემო ქართლის ღვინის სექტორის შესაძლებლობების წარმოჩენის, რეგიონული ღვინის იდენტობის გაძლიერების, საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლებს შორის თანამშრომლობის ხელშეწყობას ისახავდა მიზნად. ადგილზე, წარდგენილი იყო ასევე, ქვემო ქართლისთვის შემუშავებული პირველი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა მევენახეობასა და მეღვინეობაში, რომლის მიზანი სექტორში საჭირო ცოდნისა და პრაქტიკული უნარების განვითარება და კვალიფიციური კადრების მომზადებაა.
ღონისძიება ქვემო ქართლის მეღვინეების ღვინის დეგუსტაციით დასრულდა – მონაწილეებს რეგიონის ღვინის გაცნობის, მწარმოებლებს კი პოტენციურ პარტნიორებსა და მყიდველებთან დაკავშირების შესაძლებლობა მიეცათ.
ფორუმი ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების პროექტის (LEDP), ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსა და ეროვნული მუზეუმის პარტნიორობით ჩატარდა.
აღსანიშნავია, რომ LEDP-ს, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) დაფინანსებით HELVETAS Swiss Intercooperation ახორციელებს.





