სოციალურ საკითხთა კომისიის მორიგი სხდომა გაიმართა

საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის მორიგი სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე ლელა ლუარსაბიშვილი უძღვებოდა.

დეპუტატებმა „გონებრივი განვითარების დაყოვნების და ცერებრალური დამბლით დაავადებული დაუნის სინდრომის მქონე ბავშვთა რეაბილიტაციისა“ და ,,აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის’’ ქვეპროგრამებში ცვლილებების განხორციელების შესახებ იმსჯელეს.

ცვლილებები სარეაბილიტაციო მომსახურების უწყვეტად მიღებას ითვალისწინებს.

ობიექტური გარემოებებით გამოუყენებელი სეანსების შემთხვევაში ბენეფიციარს მიეცემა შესაძლებლობა საჭირო მომსახურებით მომდევნო კალენდარულ თვეში ისარგებლოს არაუმეტეს 10 ანაზღაურებადი სეანსისა.

ასევე, აგვისტოს პერიოდში სეზონური და საშვებულებო მიზეზების გამო, პროგრამით მოსარგებლე პირებს დაგეგმილი სეანსით სარგებლობა მომდევნო ორი თვის განმავლობაში შეეძლებათ. განხორციელდება შესაბამისი მომსახურების ანაზღაურებაც.

მერიის მიერ ინიცირებული საკითხები კომისიის წევრებს მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მხარდაჭერის სამსახურის უფროსმა ლაშა ბუსხრიკიძემ გააცნო და საკითხები, პროცედურის თანახმად, ბიუროს გადაეცა.