სხვადასხვა ქუჩაზე გზის ლოკალური დაზიანებების აღმოფხვრა და სანიაღვრე ქსელის მოწესრიგება გრძელდება
ქალაქში მიმდინარე მასშტაბური საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტების პარალელურად, სხვადასხვა ქუჩაზე გზის ლოკალური დაზიანებების აღმოფხვრა და სანიაღვრე ქსელის მოწესრიგება გრძელდება.
გიორგაძის ქუჩაზე სამუშაოების მიმდინარეობის პროცესს საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა რეხვიაშვილი, ქალაქის მერი ნინო ლაცაბიძე და გიორგი ჭყონდიდელის ადმინისტრაციული ერთეულის მაჟორიტარი დეპუტატი გიგა კიკვაძე, მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად, ადგილზე გაეცნენ.
პროექტის ფარგლებში, გიორგაძისა და რჩეულიშვილის ქუჩებზე, ჯამში, 1300 კვადრატულ მეტრ ფართობზე ასფალტის საფარი განახლდება. ანალოგიური სამუშაოები ქალაქის სხვადასხვა უბანში, კიდევ სამ მისამართზე – ე.წ. მშრალ ხიდსა და მეგობრობის გამზირის პირველ გასასვლელში ხორციელდება. პარალელურად, მე-12 მიკრორაიონის N9 კორპუსის მიმდებარედ სანიაღვრე ქსელის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
აღსანიშნავია, რომ პროექტით გათვალისწინებული 25 მისამართიდან სამუშაოები 15 ლოკაციაზე უკვე დასრულებულია, ხოლო უახლოეს პერიოდში პროცესი კიდევ 7 ობიექტზე დაიწყება. აღნიშნული პროგრამა სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი საერთო ღირებულება 1 920 000 ლარს შეადგენს.







