ჭალის ტყეების აღდგენა-განაშენიანების პირველი ეტაპი დაიხურა
რუსთავში, ქალაქის მთავარი ეკოლოგიური რესურსის, ჭალის ტყეების აღდგენა-განაშენიანების პირველი ეტაპი დაიხურა.
პროექტის ფარგლებში შესრულებული სამუშაოები რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა რეხვიაშვილმა, ქალაქის მერმა ნინო ლაცაბიძემ, საქართველოს პარლამენტში რუსთავის დელეგატმა ირაკლი შატაკიშვილმა შეაჯამეს და პროცესის აქტიურ მონაწილეებს მადლობის სიგელები გადასცეს.
რუსთავის სანერგე მეურნეობის ტერიტორიაზე გამართულ ღონისძიებას მუნიციპალიტეტის საკრებულოს, მერიის და ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის წარმომადგენლები დაესწრნენ.
უპრეცედენტო მასშტაბის ეკოლოგიურ პროექტს, რუსთავის მერია და გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, წინასწარ შემუშავებული სტრატეგიული დოკუმენტის მიხედვით ახორციელებენ. პროექტი ბუნებრივი ტყის აღდგენას 320 ჰექტარ ფართობზე ითვალისწინებს – მიმდინარე წლის გაზაფხულზე 4000 ძირი ხე-მცენარე უკვე დაირგო და პროცესი შემოდგომიდან გაგრძელდება.
ბოლო ათწლეულების ერთ-ერთ მასშტაბურ გარემოსდაცვით ინიციატივაში, რუსთავის მერიის მიერ ორგანიზებული მოხალისეობრივი კამპანიის ,, გააგრძელე ჭალის ტყის ისტორია”, ფარგლებში, სხვადასხვა პროფესიის 3500-მდე რუსთაველი იყო ჩართული – მათ შორის მსახიობები, სპორტსმენები, სტუდენტები, ბიზნესმენები და მოსწავლეები.
ჭალის ტყის აღდგენა-განაშენიანება პირველი პროექტია, რომელიც გარემოზე მიყენებული ზიანის შედეგად აკუმულირებული თანხით, გარემოს დაცვის ფონდიდან დაფინანსდა.
დარგვის პროცესის დაწყებამდე ტერიტორიაზე მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული სამუშაოები შესრულდა. პროექტის მომდევნო ეტაპებზე ანტისეპტიკის სისტემის და სარწყავი ქსელის მოწყობაა განსაზღვრული. დამონტაჟდება ვიდეოკამერები და სახანძრო უსაფრთხოების სისტემა. მოეწყობა დასასვენებელი და ტურისტულ-საპიკნიკე ინფრასტრუქტურა.
რუსთავის ჭალის ტყეები, მტკვრის ორივე ნაპირზე საკმაოდ დიდ ტერიტორიას მოიცავს და უმნიშვნელოვანესი ეკოლოგიური რესურსია არა მარტო რუსთავისთვის, არამედ თბილისის აგლომერაციის სხვა ქალაქებისთვისაც.















