რუსთავის ცენტრალური პარკის საფესტივალო სივრცეში, ,,ოქსიგენ ფესტი 2026“ გაიმართა
11 და 12 ივლისს, რუსთავის ცენტრალური პარკის საფესტივალო სივრცეში, ,,ოქსიგენ ფესტი 2026“ გაიმართა.
წელს, ფესტივალი განსხვავებულად დაიხურა – ოქსიგენის შემოქმედებითმა ჯგუფმა, 25 წლის რუსთაველი ახალგაზრდის, თორნიკე სიუკაევის ოჯახს, საჩუქრად ბინა გადასცა.
ღონისძიებას რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა რეხვიაშვილი, ქალაქის მერი ნინო ლაცაბიძე და საქართველოს პარლამენტში რუსთავის დელეგატი ირაკლი შატაკიშვილი, საკრებულოსა და მერიის წარმომადგენლებთან ერთად დაესწრნენ.
ფესტივალის მთავარი სიურპრიზი, სცენიდან ჯგუფ ,,რეგიონის” სოლისტმა და ,,ოქსიგენის” დამფუძნებელმა ლაშა ნოზაძემ გააჟღერა.
თორნიკე სიუკაევი სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ მინდობით ოჯახში გაიზარდა. ზრუნვის სისტემის დატოვების შემდეგ, სხვადასხვა დაბრკოლების მიუხედავად, შეიძინა პროფესია და შექმნა ოჯახი. სიუკაევების ოჯახი დღემდე ქირით ცხოვრობდა.
ორდღიანი ფესტივალი რუსთავის სკოლების 2026 წლის ოქროს და ვერცხლის მედალოსნების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიით გაიხსნა და ,,ხმაური სიხარულისთვის“- ამ იდეის ფარგლებში მიმდინარეობდა. პირველი საფესტივალო დღე ჰიპ-ჰოპს დაეთმო, მომდევნო დღეს კი სცენა ჯგუფებმა – ,,რეგიონი“, ,,შერეკილები“, ,,ჯეობით პროდაქშენი“, ,,პაპანუსი“ და ,, ალუზია” დაიკავეს.
,,ოქსიგენ ფესტი” რუსთავში, ქალაქის მერიის და ,,ოქსიგენის” შემოქმედებითი ჯგუფის თანაორგანიზებით, უკვე მეხუთედ ჩატარდა.















