რუსთავში სხვადასხვა ქუჩებზე ლოკალური დაზიანებების აღმოფხვრა მიმდინარეობს
რუსთავში, მასშტაბური საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტების პარალელურად, სხვადასხვა ქუჩებზე გზის საფარის ლოკალური დაზიანებების აღმოფხვრა მიმდინარეობს.
პროცესს, რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა რეხვიაშვილი და ქალაქის მერი, ნინო ლაცაბიძე მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად გაეცნენ.
ამ ეტაპზე, სამუშაოები ჰამლეტ გონაშვილის სახელობის სკვერთან და ახმეტელის ქუჩაზე, რაგბის სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე ხორციელდება.
ანალოგიური სამუშაოები უკვე დასრულებულია მელიქიშვილის ქუჩაზე, მე-17 მიკრორაიონის N26 საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარედ, შარტავას სახელობის და მეგობრობის გამზირზე.
პროექტის ფარგლებში, ქალაქის სხვადასხვა უბანში, რამდენიმე მისამართზე, სანიაღვრე ქსელის მოწესრიგება, 10 ლოკაციაზე კი გზის დაზიანებული მონაკვეთის რეაბილიტაციაა დაგეგმილი.
სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტიდან 1 920 000 ლარით ფინანსდება.







