საკრებულოს მორიგი სხდომა რუსთავის მერის 2026 წლის 6 თვის ანგარიშის წარდგენით გაიხსნა
რუსთავის მერვე მოწვევის საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა რეხვიაშვილი უძღვებოდა.
სხდომა დღის წესრიგით გათვალისწინებული ერთ-ერთი მთავარი საკითხით, რუსთავის მერის, ნინო ლაცაბიძის 2026 წლის 6 თვის ანგარიშის წარდგენით გაიხსნა.
ქალაქის მერმა ყურადღება გაამახვილა მიმდინარე წლის ბიუჯეტის ისეთ პრიორიტეტებზე, როგორიცაა საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია, საცხოვრებელი კორპუსების გამაგრება-რესტავრაცია, საბინაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, ეკოლოგია, კულტურულ-საგანმანათლებლო და სოციალური პროგრამების განხორციელება.
ნინო ლაცაბიძემ მოხსენებაში ხაზგასმით აღნიშნა ძველ რუსთავში მიმდინარე უპრეცედენტო მასშტაბის პროექტი, რომელიც 100-მდე საცხოვრებელი კორპუსის რეაბილიტაციას და შენობების ავთენტური იერ-სახის შენარჩუნებას ითვალისწინებს.
ქალაქის მერმა ანგარიშის დასრულების შემდეგ დეპუტატების კითხვებს უპასუხა.
,,ადგილობრივი თვითმმართველობის ეფექტიანი ფუნქციონირების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრინციპი საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულება და საქმიანობის გამჭვირვალობაა. სწორედ ამ პრინციპების რეალიზებას ემსახურება მერის მიერ საკრებულოს წინაშე ანგარიშის წარდგენა, რაც საშუალებას გვაძლევს, ობიექტურად შევაფასოთ მუნიციპალიტეტში განხორციელებული სამუშაოები, მიღწეული შედეგები, მიმდინარე პროექტები და ის გამოწვევები, რომელთა გადაწყვეტაზეც აქტიური მუშაობა მიმდინარეობს.
მუნიციპალიტეტში არაერთი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული, სოციალური, კულტურული, საგანმანათლებლო, სპორტული და ახალგაზრდული პროექტი განხორციელდა. პარალელურად, გაგრძელდა იმ პროგრამებზე მუშაობა, რომლებიც ორიენტირებულია მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე, მუნიციპალური სერვისების ხელმისაწვდომობის გაზრდასა და ქალაქის მდგრად განვითარებაზე.
თითოეული ჩვენგანის საერთო მიზანია რუსთავის განვითარება, მუნიციპალიტეტის ეფექტიანი მართვა და ისეთი გადაწყვეტილებების მიღება, რომლებიც ქალაქისა და მისი მოსახლეობის ინტერესებს ემსახურება.”- განაცხადა სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარემ მამუკა რეხვიაშვილმა.
დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხი განიხილეს და შესაბამისი გადაწყვეტილებები მიიღეს.
დამტკიცდა მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზებო ობიექტების ნუსხა და გეგმა და ქალაქის ტერიტორიაზე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების მშენებლობისთვის, დეველოპერული კომპანიების მიერ წარმოდგენილი განაშენიანების დეტალური გეგმის პროექტები.
ცვლილებები შევიდა მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების და ტრანსპორტის სამსახურის დებულებაში, ასევე მერიის სტრუქტურული ერთეულების და საკრებულოს აპარატის ბეჭდების და შტამპების გამოყენების წესში.
დეპუტატების გადაწყვეტილებით დამტკიცდა მოქალაქეთა განცხადებები, რომლებიც ითვალისწინებს აუქციონის ხელშეკრულებით აღებული ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, ახალი ვადის განსაზღვრას.
სხდომას რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეები და სამსახურების ხელმძღვანელები დაესწრნენ.











